„ანაკლიის პორტი არის მეგა პროექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გაჰყავს სხვა ლიგაში“, - ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აკეთებს. მისი განცხადებით პორტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი არსებობით ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო არენაზე სხვა ტიპის მოთამაშე ხდება.
„ანაკლიის პორტი არის მეგა პროექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გაჰყავს სხვა ლიგაში. ჩვენი ქვეყანა ხდება სხვა ტიპის მოთამაშე მსოფლიო სავაჭრო არენაზე. ის ხდება ახალი დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამიტომ გასაგებია, რომ ანაკლიის პორტის აშენება ან არ აშენება აწყობდეს ან ხელს უშლიდეს ძალიან სერიოზულ ძალებს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და ქმედებები სრულ თანხვედრაშია რუსეთის ინტერესებთან. მათი განცხადებით სწორედ რუსეთის ინტერესია, რომ ანაკლიის პორტი არ განხორციელდეს და მას სირთულეები შეექმნას.
„ეს არის სრული სიმართლე. საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო. პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც ეკონომიკურად ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს პროექტი დაიწყება მაშინ, როგორც კი ქართულ ოცნებას ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან. ნებისმიერი სხვა განცხადება სხვადსხვა ინტრესების, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიის პროექტს არის ტყუილი“, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით ბოლო წლებში ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის ხელი შეეშალა. მისივე განცხადებით, პროექტი საერთო სახელმწიფოებრივი ღირებულებაა, რომელსაც გლობალური მნიშვნელობა აქვს.
„ანაკლიის პორტი არ არის მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსის ან რომელიმე პარტიის კუთვნილება. ეს არის საერთო სახელმწიფოებრივი ღირებულება, რომელსაც აქვს რეგიონალური მნიშვნელობა, არამარტო საქართველოსთვის და მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ გლობალურად. ხელისუფლების ქმედებები ბოლო წლებში იქითკენ იყო მიმართული, რომ ეს პროექტი არ განხორციელებულიყო,“ - განაცხდა ლევან ბეჟაშვილმა.